გია ვოლსკი - შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს
გია ვოლსკი - შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს

შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „ლეიბორისტების“ ლიდერის დღევანდელი განცხადების შეფასებისას.

„შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას ადარებს დღევანდელ გერმანიას და მათ ცოდვებს დღევანდელ გერმანიას ეკითხება, მათ ელჩს კორუმპირებულს უწოდებს, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა გაერთიანებული ოპოზიცია.

საერთაშორისო საზოგადოებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს გია ვოლსკი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

„გერმანიას აკისრია უდიდესი ვალდებულება, რომ ჩვენ დღემდე არ გვიღებენ ნატო-ში, რის გამოც რუსეთმა გაბედა ომი და ტერიტორიების წართმევა. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე სათანადო შეფასება არ არის მიცემული ევროპაში საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციისთვის და კვლავ აგრძელებს ბერლინი რუსეთთან ჩახუტებას. თუ ასე უყვარდა რუსეთი ბერლინს, რაღას ატეხეთ მეორე მსოფლიო ომი და რაღაზე გაგვიწყვიტეთ 400 ათასი საჯიშე ქართველი“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.