გია ვოლსკი - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ვინც აცხადებს, რომ საშვებზე შეზღუდვის მიზანი სააკაშვილის იზოლაციაა, რევოლუციური კომიტეტი შექმნეს ლუქსში, რომელშიც ის დროებით ცხოვრობს 
გია ვოლსკი - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ვინც აცხადებს, რომ საშვებზე შეზღუდვის მიზანი სააკაშვილის იზოლაციაა, რევოლუციური კომიტეტი შექმნეს ლუქსში, რომელშიც ის დროებით ცხოვრობს 

ვინც უტიფარ განცხადებას აკეთებს, თითქოს საშვებზე დაწესებული შეზღუდვის მიზანი სააკაშვილის იზოლაციაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რომელიც შეცდომაში არ შედის და ზუსტად იცის, პატიმარი როგორ უნდა იყოს, რა რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული.

„წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება – რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, რომელშიც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. არათუ მისი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, მისი სიცოცხლეც კი. თავიანთ პროპაგანდისტურ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, პუტინის გვარი შემოიტანეს და დაიქირავეს უშველებელი პროპაგანდუსტული ორგანიზაცია, სადაც ფულს ხარჯავენ, მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ. აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს, მოწამვლის თემის გარშემო სრული თაღლითების შეკრება აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.