გია ვოლსკი - საქართველოში რუსული კულტურის ცენტრს გრიგოლ ვაშაძე თუ უხელმძღვანელებს, შეიძლება, წარმატებული იყოს
გია ვოლსკი - საქართველოში რუსული კულტურის ცენტრს გრიგოლ ვაშაძე თუ უხელმძღვანელებს, შეიძლება, წარმატებული იყოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი არ ყოფილა, მსჯელობა იყო ენის კურსების გახსნაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ვოლსკის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ კულტურის ცენტრზე იყო ლაპარაკი.

„კულტურის ცენტრს სათავეში გრიგოლ ვაშაძე თუ ჩაუდგება, შეიძლება, წარმატებული იყოს. როგორც თვითონ აღნიშნა, რუსული კულტურის ნაწილია. რაც შეეხება ენის შემსწავლელ რაღაც კურსებს, რომელიც სავიზო განყოფილებაში კომერციულ საწყისებზე უნდა ჩამოაყალიბონ, ვნახოთ, რას იზამენ. არ მგონია, რომ საქართველოში რუსულ კულტურას არ იცნობენ, ან ზოგადად კულტურის გაცნობიერება აკლიათ. უკეთესია, მის კულტურას თავად რუსეთი მიჰყვებდეს, ისეთ კულტურას როგორიც არის დოსტოევსკი, პუშკინი. ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო ენის კურსების გახსნაზე, რაც კომერციული სტრუქტურა იქნება სავიზო განყოფილებასთან არსებული. ალბათ, ამას ზურაბ აბაშიძე უკეთ იტყვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.