გია ვოლსკი - საქართველოში პოლიტპატიმრები რომ არსებობდნენ, სასამართლო სისტემას დღეს ასეთი მაღალი შეფასება არ ექნებოდა
გია ვოლსკი - საქართველოში პოლიტპატიმრები რომ არსებობდნენ, სასამართლო სისტემას დღეს ასეთი მაღალი შეფასება არ ექნებოდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე დათანხმდა.

თუმცა, ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების თემის კვლავ დღის წესრიგში არსებობა, არასწორია.

მეტიც – ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებისკენ სწრაფვის სურვილი არ გააჩნია.

„თანამშრომლობის გარკვეული ფორმა, რომელზეც დათანხმდნენ, მისასალმებელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯი, რასაკვირველია, არის საზოგადოებისთვისაც გარკვეული პოზიტიური შეფასების წინაპირობა, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პატიმრების თემა კვლავაც დღის წესრიგშია, არა თუ არასწორია, არამედ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არჩევნებისკენ სწრაფვის სურვილი ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია, ვინაიდან საკმაოდ ბევრი დაკარგა და დივიდენდები საკმაოდ შეუმცირდა. ვფიქრობ, დღეს რაღაც გაურკვევლობა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რომ არსებობდნენ. სასამართლო სისტემას არ ექნებოდა ასეთი მაღალი შეფასება, როგორიც დღეს უკვე გაჟღერდა სასამართლოს ეფექტურობისა და მისი დამოუკიდებლობის თაობაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ არის ერთ-ერთი მსოფლიო დონის ანალიტიკური ცენტრი. ასე რომ, არის საკითხები, რაზედაც ჩვენ ალბათ კიდევ გვმართებს საუბარი და რადიკალური განცხადებების დიდი სურვილი არ მაქვს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.