გია ვოლსკი – საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას თუ იმას, როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები
გარე ჩარევას ვერ გამოვრიცხავთ, რა კონსპირაციული გეგმა განხორციელდება რევოლუციური პროცესების მიღმა, არ ვიცი, მაგრამ თუ შედეგით ვიმსჯელებთ, მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი აღმოჩნდა, რადგან შიდა პროცესებზე გავლენა არსებობს. შედის თუ არა ამ პროცესების მხარდასაჭერად „შავი ფული“, ეს არ ვიცით, მაგრამ ამის პრევენცია აუცილებელია და ამ საჭიროებაზე ილაპარაკა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ყველანაირი საშუალება ჩაიკეტოს, რათა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე გავლენა არ იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა ჯერზე დროულად იმოქმედა.
„როცა ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით, ამას „რუსული პროექტი“ დაარქვეს. თავად იყვნენ შემსრულებლები იმ გეგმის, რისი რეალიზაციაც იმავე მდგომარეობას მოიტანდა, რასაც საფრანგეთში, ბელგიაში თუ ალბანეთში ვხედავთ. საქართველოში მიზნად დასახული ზუსტად იგივე პროცესის განვითარება იყო. საქართველოში, მიტინგებზე საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიოდნენ და ხალხს აგრესიისა და ექსტრემიზმისკენ მოუწოდებდნენ. ეს იყო, ეს ფაქტები შედგა, მაგრამ იმ პროცესებმა ის განვითარება და მასშტაბი ვერ მიიღო, როგორიც ჰქონდათ წარმოდგენილი. სახელმწიფომ დროულად იმოქმედა და ეს ყველაფერი ვერ შესრულდა. საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას ახალგაზრდებისთვის თუ იმას, როგორ დაუპირისპირონ ძალა სამართალდამცავებს და როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები. პარლამენტში გაჩენილი ხანძრები ვიხილეთ, მაგრამ რევოლუცია ვერ მოხდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გაცილებით დიდ მასშტაბებზე საუბრობს. რასაც ახლა საუბრობენ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს ცივსისხლიანი პოლიტიკაა, რომელიც არავის ინტერესს არ დაგიდევს, თუ ეს კონკრეტულ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.