გია ვოლსკი - საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები 
გია ვოლსკი - საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები 

საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს მძიმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„ძალიან სერიოზული მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაა საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. უკვე დიდი ხანია ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს. რასაკვირველია, მედვედევისა და რუსების მიზანი ზოგადად სხვაა, ჩვენი ინტერესები სხვაა. არავის წინააღმდეგ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არ არის მიმართული. საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს მძიმე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.