გია ვოლსკი - საქართველოს აშშ-ის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს 
გია ვოლსკი - საქართველოს აშშ-ის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს 

საქართველოს აშშ-ის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს-საპარლამენტო ასამბლეას ესწრება, სადაც საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე  – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ იმსჯელებენ.

მისი შეფასებით, როდესაც ერთი ქვეყანა უკანონოდ ახორციელებს მეორე ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას და არღვევს ადამიანის უფლებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუჭიროს ვინმემ მხარი რუსეთის პოზიციას.

„აქ საუბარია სამართლიანობაზე, სწორ შეფასებებზე და იმ ფუნდამენტურ შეხედულებებზე, რაც მსოფლიოს გააჩნია. როდესაც ერთი ქვეყანა უკანონოდ ახორციელებს მეორე ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუჭიროს მხარი ვინმემ რუსეთის პოზიციას, თავისი შიდა პოლიტიკური ურთიერთობების გამო რუსეთთან, ან პოლიტიკური ვალდებულებების. სხვა შემთხვევაში რუსეთის მხარდამჭერს თავისი კონკრეტული მოსაზრებები აქვს, რომ თურმე შესაძლებელია ერთმა ქვეყანამ ასეთი ზარალი მიაყენოს სხვას და აგრესია განახორციელოს. მეორე ნაწილს გამოვრიცხავ, პირველი ნაწილი დასაშვებია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი განმარტებით, თუ მაგალითად, ბელარუსი მხარს დაუჭერს რუსეთის პოზიციას, ეს რუსეთისა და ბელარუსის შიდა ურთიერთობებით იქნება განპირობებული.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ გაბრაზებული, თუკი ვთქვათ, ბელორუსი მხარს დაუჭერს რუსეთის პოზიციას, რაც მათი შიდა ურთიერთობებით არის განპირობებული და არა იმით, ბელორუსი არ აღიარებს, რომ აგრესია და ოკუპაცია არ შეიძლება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოსადმი მხარდაჭერა ობიექტურობით არ არის განპირობებული.

„რაც შეეხება საქართველოსადმი მხარდაჭერას, რასაკვირველია, ეს მხარდაჭერა მხოლოდ ობიექტურობით არ არის განპირობებული. ის, რასაც აშშ და ევროკავშირი იზიარებენ, ეს არის პრინციპული დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი. ასე რომ, აშშ და ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პრინციპების ერთგული რჩებიან და მხარდაჭერაც ამით არის განპირობებული“, – აცხადებს გია ვოლსკი პირველ არხთან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ. პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტში ტექსტს პუნქტობრივად განიხილავენ და კენჭს უყრიან, მოგვიანებით კი, რეზოლუციის კენჭისყრა პლენარულ სესიაზეც გაიმართება. რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ 17 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთის მიხედვით, დაგმობილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და რუსეთს ევალება, რომ ხელი არ შეუშალოს გამოძიებას. ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას საერთაშორისო მონიტორები. ტექსტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობაზე.

ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტს ასამბლეის წევრები მხარს დაუჭერენ.