გია ვოლსკი - საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ამიტომ იკავებს მოწინავე პოზიციას დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, რაზეც „ენდიაიც“ მიუთითებს
გია ვოლსკი - საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ამიტომ იკავებს მოწინავე პოზიციას დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, რაზეც „ენდიაიც“ მიუთითებს

საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და სწორედაც ამიტომ იკავებს მოწინავე პოზიციას დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ენდიაი) პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, საქართველოს პოზიციები საკმაოდ მტკიცეა.

„განცხადება გასაგებია, საქართველომ პოზიციები უნდა განიმტკიცოს, საკმაოდ მტკიცეა, საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა. თემა, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების ლიდერების პოლიტდევნილებად გამოცხადება, დღის წესრიგში დააყენა ჩვენმა ოპონენტმა მხარემ და რასაკვირველია, ამას გამოეხმაურა „ენდიაის“ განცხადება. არ მგონია, რომ ვინმეს შიში უნდა ჰქონდეს რამე დევნის, თუ არ ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც არა მარტო „ენდიაისთვის“ და ხელისუფლებისთვის, არამედ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის იქნება თვალსაჩინო და, ვინც არ უნდა იყოს, მოგაგონებთ, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რამდენიმე ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაღალჩინოსანი პირები დაკავებული იყვნენ. რასაკვირველია, ამას არავითარი პოლიტიკური სპეკულაცია არ მოჰყოლია. ასე რომ, საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და სწორედაც ამიტომ იკავებს მოწინავე პოზიციას დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, რაზედაც „ენდიაიც“ მიუთითებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ორგანიზაცია ითვალისწინებს ყველა გამოხატულ ემოციას, ოფიციალურ პოზიციას და თავის განცხადებაში აღნიშნავს.

„არ არის აუცილებელი, მიუთითოს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, გადაწყვეტილებები შეაფასა, სასამართლოს დადგენილებების ანალიზი გააკეთა თუ პროკურატურის საგამოძიებო მასალებს გაეცნო. ეს არის განცხადება, რომელიც მიუთითებს უპირველეს ყოვლისა, რომ საქართველოს მართლაც მოწინავე პოზიცია უკავია დემოკრატიულ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები იყვნენ გადაცდომებისთვის და დანაშაულებებისთვის დაკავებული და გასამართლებული. არავის მოფიქრებია, რომ რაღაც პოლიტიკური სარჩული აქვს ამ თემას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პოზიციები თუნდაც ახლა, ნაომანის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მასალაში, საკმაოდ ძლიერია დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა. „ენდიაის“ მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება: ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსესუსის მიღწევა; კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა; პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს.