გია ვოლსკი - საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ჩვენ ქვეყანას
გია ვოლსკი - საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ჩვენ ქვეყანას

საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ჩვენ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ მოსმენა არ არის ერთმანეთის. მსოფლიოს გამოჩენილი მოწინავე ექსპერტები, ვისაც ეს ეხება, ევროპის ენერგეტიკული საბჭოს წარმომადგენლები, ჩაერთნენ პროცესში. უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს საქართველოს ინტერესები, ეკოლოგიიდან დაწყებული, ეკონომიკით და პოლიტიკით დამთავრებული.

რასაკვირველია, გამოხატვის უფლება ყველას აქვს და უნდა ჰქონდეს კიდევაც. გაცილებით მეტ ურთიერთმოსმენას საჭიროებს ხალხი და ეს საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ჩვენ ქვეყანას“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ენერგეტიკული სახელმწიფო ვერ გახდება, თუკი არ გვექნა ასეთი სახის პროექტები.

„კიდევ ერთხელ ყველა მხარეს, განსაკუთრებით საპროტესტო პროცესების მონაწილეებს, მოვუწოდებ, დასხდნენ, მოუსმინონ იმ დონის ექსპერტებს, რომლებსაც მოეკითხებათ არამარტო მოსაზრება და ჭკუა, არამედ მოეკითხებათ პასუხისმგებლობა საქართველოს ხვალინდელ დღეზე. მგონია, ამას აუცილებლად ექნება დასასრული, რომელიც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით დამთავრდება.

საქართველო დამოუკიდებელი ენერგეტიკული სახელმწიფო ვერ გახდება, თუკი არ გვექნა ასეთი სახის პროექტები. ამას ხელს რამე თუ უშლის, ეს მოლაპარაკების და განსჯის საგანი უნდა გახდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.