გია ვოლსკი - სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს არ უნდა უწოდო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა, ეს არის ადამიანი, ვინც ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა
გია ვოლსკი - სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს არ უნდა უწოდო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა, ეს არის ადამიანი, ვინც ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა

სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს არ უნდა უწოდო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, რაც მისი პირიდან ამოვიდა. ეს არის ადამიანი, ვინც დახოცილი ადამიანების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა. ეს იყო აგვისტოში. ეს არის ასევე ადამიანი, მთავარსარდალი, რომელიც თვითმფრინავის ხმის გაგონებისას მიწაზე დაწვა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, როგორმე ეს ქვეყანა შეარყიოს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარს იმის ნაცვლად, რომ იცავდეს და პატივისცემას გამოხატავდეს, ოღონდ, თავისი პოლიტიკური პოზიცია გააძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, ის იკადროს, რაც იკადრა. ჩვენი ჯარი არის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მოახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი. ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით. სააკაშვილისთვის სულერთია ჯარს მიმართავს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს, მას ერთადერთი ამოცანა აქვს, როგორმე ეს ქვეყანა შეარყიოს. ჯარს ისე მიმართავს, თითქოს, რეალობა არ ვიცოდეთ. ჯარი ღირსეული პატრიოტებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ასეთ მოღალატეობრივ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში სამხედროებს მიმართა.

„თქვენ გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტით უხდის ხელფასს, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. . . ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო, გარდა ყველაფრისა, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების… რომელმაც მოგვპარა ოქტომბრის არჩევნები გასულ წელს, რომელმაც დაანგრია ხელშეკრულება ევროკავშირთან და გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით და მუქარებით და ქრთამებით ინარჩუნებს კაბინეტებს.

საქართველო არის გადასარჩენი. მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე ხელშეკრულების აღდგენისთვის, ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს ახლა სჭირდება შველა. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს. თქვენი და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი გმირი ვეტერანების, შეიარაღებული ძალების. აბა, თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.