გია ვოლსკი – სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკიმ უპასუხა მედიის კითხვას, შექმნილ ვითარებაში, როგორ აპირებს მმართველი გუნდი პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას.
„სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ასე რომ, სამუშაო ბევრია. ბიუჯეტი გვაქვს სულაც დასამტკიცებელი“ ,- განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხელისუფლება მზად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მათი მოთხოვნები განიხილოს, ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან შეუსაბამოა.
„ადამიანებს, ვინც ამ მოთხოვნებს აყენებს, საკმაო ცოდნა აქვს იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ, მათი შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციასა და რეგლამენტს“ ,- აღნიშნა ვოლსკიმ და აქვე დასძინა, რომ მომიტინგეთა დიდ ნაწილში გაურკვევლობაა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებიდან მსვლელობით შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტებიც.