გია ვოლსკი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბევრი პოზიტივია ნახსენები და ბევრი შენიშვნაც არსებობს, რაც სერიოზულად გასაანალიზებელია
გია ვოლსკი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბევრი პოზიტივია ნახსენები და ბევრი შენიშვნაც არსებობს, რაც სერიოზულად გასაანალიზებელია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ძალიან ბევრი პოზიტივია ნახსენები და ბევრი შენიშვნაც არსებობს, რაც სერიოზულ გაანალიზებას მოითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სურათი მთლიანობაში დამახასიათებელია განვითარებადი დემოკრატიისთვის, როგორადაც საქართველო შეიძლება შეფასდეს, მაგრამ განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საკმაოდ წინ არის წასული, როგორც რეგიონთან, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ობიექტური შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს.

„ასევე არის შენიშვნები, სადაც მითითებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ან სხვა რომელიმე ორგანიზაციის ინფორმაციის საფუძველზეა გაკეთებული ესა თუ ის შენიშვნა. ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ შეიძლება, სულ ანტაგონიზმის პოზიციაში ვიყოთ და ყველაფერი უარვყოთ. შენიშვნები გასათვალისწინებელია, მით უმეტეს თუ ეს შენიშვნები პარტნიორი ქვეყნის მიერ არის გაკეთებული. რაც შეეხება 20 ივნისზე შეფასებას, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას, ვინაიდან ფაქტია, მთელი საზოგადოების თვალწინ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შემოჭრის ორგანიზებულ მცდელობასა და ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც ნამდვილად არ გამოუწვევია საპოლიციო ძალებს. პირიქით, მოთმინებით იტანდნენ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ვერც ერთ ქვეყანაში და განსაკუთრებით, აშშ-ში პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი გავეშებული შეტევა, რასაკვირველია, არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. სამწუხარო ფაქტებიც იყო, ადამიანები დაშავდნენ. კიდევ ერთხელ განვიცდი როგორც ადამიანურად, ასევე როგორც პოლიტიკოსი და არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას არ განიცდიდეს, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, პარლამენტზე შეტევა იყო და პოლიციელებმა საათების განმავლობაში სერიოზული დარტყმები მიიღეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, კითხვაზე, არსებობს თუ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, ვოლსკი პასუხობს, „ანგარიშში მითითებულია, რომ ამ საქმეების წარმოება იმ დროს დაემთხვა, როცა პოლიტიკური პროცესი საკმაოდ აქტიურია“.

„რასაკვირველია, ეს დამთხვევაა. იყო პერიოდი, როდესაც პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მიზნებით, ადამიანები სამ-ოთხ წუთში სამართლდებოდნენ და კარგავდნენ ჯანმრთელობას, ღირსებას, ქონებას და ცხოვრების პერსპექტივას. იყო ეს დროც. 2013-2014 წლებში სასამართლომ შეიძლება სწრაფად ვერ იმოქმედა და ამ დრომდე მოვიდა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ადამიანები პოლიტიკოსები მას შემდეგ გახდნენ, რაც მათ მომართ სერიოზული ეჭვები გაჩნდა და მოგვიანებით გამოძიება დაიწყო. აქ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის დემოკრატია არ ითვალისწინებს იმას, რომ შენიშვნების ობიექტს არ ჰქონდეს ჯანსაღი რეაგირების საშუალება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკი ანგარიშის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარია დე ფაქტო რეჟიმების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების უფლებების შეზღუდვაზე.

„ამ ნაწილს ვეთანხმები. იზღუდება კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინელი მდგომარეობაა შექმნილი. განსაკუთრებული დარღვევები და ზეწოლა ხორციელდება ეთნიკურად ქართველებზე. აფხაზები, ოსები, სხვა ეროვნების ხალხი ასევე უმძიმეს მდგომარეობაში არიან და არათუ მათი უფლებები, მათი ეთნოსი იკარგება და ამ საგანგებო მნიშვნელობის თემას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. აფხაზი, როგორც ეთნოსი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას“, – დასძინა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 2019 წლის დოკუმენტში ტრადიციულად საქართველოში არსებული მდგომარეობაც მიმოხილულია.

დატოვე კომენტარი