გია ვოლსკი - საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით, ნატო-ს მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში არავის აქვს, თუ არა საქართველოს, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი
გია ვოლსკი - საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით, ნატო-ს მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში არავის აქვს, თუ არა საქართველოს, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი

ჰელსინკის კომისია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური სააგენტო, მასში გაერთიანებულნი არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მოქმედი პოლიტიკოსებიც. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმსჯელოთ ამ განცხადების, ამ მიმართვის სერიოზულობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორია ნატო-სთვის.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეის პირობებში საქართველო არის საგანგებო პარტნიორი, საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორი ნატო-სთვის და ეს არაერთხელ განმტკიცდა უკვე კონკრეტულ ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისითა და პოზიციების საშინაო და საგარეო შეჯერებით.  რაც შეეხება საქართველოს ძირითადი მოკავშირის სტატუსს, რასაკვირველია, არავისთვის ეჭვს არ წარმოადგენს, რომ ოპერაციებში მონაწილეობის, საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით არის ის დონე, რომელიც არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში დღესდღეობით არავის გააჩნია თუ არა საქართველოს. თუმცა, ამის ფორმალიზებაზეა საუბარი, რაზეც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია საუბარი, რამაც კიდევ დამატებითი რესურსი უნდა შესძინოს უსაფრთხოების და ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით. კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი გაგრძელდება და რასაკვირველია პირველი განცხადებიდან, მეორე წუთს არ შეიძლება რომ ყველა დეტალზე პასუხი გვქონდეს. რუსეთის ფედერაციისთვის პროვოკაციის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ეს განცხადებაც და ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ არ უნდა აირჩიოს ოპტიმალური და ყველაზე პრაგმატული მიმართულება. დღესდღეობით პრაგმატიზმის საგანგებო ფორმატი შეიძლება განვიხილოთ, ვიმსჯელოთ დეტალებზე, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი თემა, რაც არის დღის წესრიგში ესაა ჩვენი უსაფრთხოება, რის გარანტიასაც არავინ იძლევა თუ არა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს წევრები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს.