გია ვოლსკი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტო უსამართლოა, მავნებლური სტრატეგია და პოლიტიკაა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს
გია ვოლსკი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტო უსამართლოა, მავნებლური სტრატეგია და პოლიტიკაა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს

დღეს ჩვენ გვაქვს მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე წარმოდგენილია სალომე ზურაბიშვილის მიერ. შემდეგ გამოუცხადეს საბოტაჟი, მოახდინეს მისი ბულინგი და შეცვალა პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო უსამართლოა.

მისივე თქმით, მავნებლური პოლიტიკაა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, რასაკვირველია, უსამართლოა იმდენად, რამდენადაც ელემენტარული საკითხი არ არის გათვალისწინებული. ცესკო-ს ხელმძღვანელი უნდა იყოს ნეიტრალური პიროვნება. თუკი ნეიტრალურია და არ არის უმრავლესობის მიერ წარდგენილი, პარტიული დანიშვნა თუ არ მოხდა, მაშინ არც მოადგილე არ უნდა იყოს პარტიის წარმომადგენელი, მით უმეტეს, „ლელოს“ წარმომადგენელი. რეალურად, ჩვენ რაზეც შევთანხმდით 19 აპრილს, არავინ არ შეუერთდა, მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ვის გარშემოც „ლელო“ ტრიალებს. „ლელო“ არის ფილიალი,  „ნაციონალური მოძრაობის“ წამონაზარდი. კომიტეტების დათმობაზეც იყო საუბარი. დღეს ჩვენ გვაქვს მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე არის წარმოდგენილი სალომე ზურაბიშვილის მიერ. შემდეგ გამოუცხადეს საბოტაჟი, მოახდინეს მისი ბულინგი და შეცვალა პოზიცია. დღეს არასწორი პოლიტიკური მიდგომის ტირაჟირება ხდება, რაც არის კიდევ ერთხელ საბოტაჟის ნაწილი. ერთი, რომ აჭიანურებს პროცესს, ვეტოს ადებს. ეს არის, რაც ზედაპირზე ჩანს, ამის იქით გავიხედოთ. მავნებლური პოლიტიკა, სტრატეგიაა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, ვისაც ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს. ადამიანმა წარმოადგინა, პროფესიული ნიშნით შეაფასა ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა, ჩვენ იგი შევაფასეთ და როგორც კი უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანდიდატურას, იმ წუთში საბოტაჟის სისტემა ამოქმედდა, რომელსაც დღემდე სათავეში უდგას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.