გია ვოლსკი საარჩევნო ცვლილებებზე ზოგიერთი დეპუტატის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს
გია ვოლსკი საარჩევნო ცვლილებებზე ზოგიერთი დეპუტატის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საარჩევნო ცვლილებების თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევან კობერიძის მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებებს უპასუხისმგებლო განცხადებად აფასებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ვოლსკიმ განუცხადა, საარჩევნო სისტემაზე მსჯელობისას საუბარია ქვეყნის სტაბილურობაზე.

„ეს სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებაა, ვისაც არეულობა გაუხდია თავის მთავარ მიზნად და ამოცანად. საუბარია ქვეყნის სტაბილურობაზე. ქვეყნის სტაბილურობა იმ ხალხთან ერთად, ვინც ვირეშმაკული მეთოდებით მოვიდნენ აქამდე, მათთვის ეს არაფერი არ არის, და ეს ნორმალური ცხოვრების პირობებია. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურადაც გარკვეული პრობლემები აქვთ ასეთ საკითხებზე. კარგად გრძნობენ თავს, როცა არეულობა და ასეთი პროცესები მიდის. მათი საუბარი ვნახე უცხოელებთან, პარტნიორებთან. ემოცია იმდენად დიდია და განცხადებები იმდენად არტისტულია ჩვენი ხალხისთვის, რომ არ მგონია, ეს ადამიანები იყვნენ ის ხალხი, ვისაც შეუძლია, შეაფასოს, რა მდგომარეობაა და რამ შეიძლება ეს მდგომარეობა დაძაბოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს.

ამასთან, ეკა ბესელია საარჩევნო ცვლილებებზე მამუკა მდინარაძის განცხადება პოლიტიკურ აფერად შეაფასა.