გია ვოლსკი მოქალაქეებს მიმართავს, არ აყვნენ პროვოკაციებს და რაიმე ნიშნით საარჩევნო წესების დარღვევა არ სცადონ
გია ვოლსკი მოქალაქეებს მიმართავს, არ აყვნენ პროვოკაციებს და რაიმე ნიშნით საარჩევნო წესების დარღვევა არ სცადონ

გია ვოლსკი ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში ბოსტნეულის უფასოდ დარიგების შემთხვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფაქტი, რა თქმა უნდა, დარღვევაა, მაგრამ ასეთი ერთეული შემთხვევის ფონზე არ შეიძლება ვთქვათ, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება მოქალაქეების მოსყიდვას ახორციელებს.

ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, როგორი სახის დარღვევაც უნდა იყოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს, უპირველესად, დესტრუქციულ ოპოზიციას აძლევს საფუძველს, საერთაშორისო პარტნიორებთან არასათანადო პოზიციიდან ილაპარაკონ.

„იყო ფაქტი, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან კიტრის თუ პომიდვრის უფასო დარიგებას ეხებოდა. ეს დარღვევაა, თუმცა ამას ისეთ სახეს ვერ მივცემდი, რომელმაც რაიმე სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი წვრილმანი დარღვევები, ან თუნდაც, როგორი დარღვევაც უნდა იყოს, ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას საფუძველს აძლევს, რომელიღაც პოზიციიდან ელაპარაკონ საერთაშორისო პარტნიორებს.

იყო შენიშვნები სხვა პოლიტიკური ძალების მიმართაც, მაგრამ როცა ვითარება მოითხოვს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარების გაცემას რთულ ვითარებაში, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ შეიძლება მიეწეროს მოსყიდვის მცდელობას ან მით უმეტეს, დარღვევას.

არაორდინარული ვითარებაა. მსხვილი დარღვევები ჯერ არ გამოვლენილა და იმედია, არც იქნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი გადაცდომა დადგენილი წესებიდან სერიოზულად დაასხამს წყალს დესტრუქციული ძალების წისქვილზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და რაიმე ნიშნით საარჩევნო წესების დარღვევა არ სცადონ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მივმართავ, არ დაუშვან არც პროვოკაციაზე აყოლა და არც რაიმე ნიშნით საარჩევნო წესების დარღვევა. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას ცუდად დაუბრუნდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.