გია ვოლსკი - სააკაშვილის განცხადება, რომ კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა, მავნებლურია
გია ვოლსკი - სააკაშვილის განცხადება, რომ კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა, მავნებლურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი კობი-გუდაურის გვირაბთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაცხადებას, რომ ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის, მავნებლურს უწოდებს.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, კობი-გუდაურის გვირაბი არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სრულად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

„სააკაშვილმა გააკეთა მავლებლური განცხადება და ამის საფუძველია, რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება ქვეყნისათვის. გვირაბებისა და გზების განვითარება რომ იყოს ხელშემწყობი, ან ხელშემშლელი აგრესიისა და ოკუპაციის, მაშინ არ უნდა განავითაროს ქვეყანამ თავისი ინფრასტრუქტურა და მოაწყოს ხერგილები, ამით ეცადოს მტერი შეაკავოს, რაც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების პირობებში არათუ შეუძლებელია, არამედ მავნებლურია ასეთი განცხადებების გაკეთება. განცხადება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, თითქოს მიწათხრილი, წითელ ხიდთან შეაკავებდა აგრესიას და თითქოს რუსეთის ფედერაციამ მისი არსებობის შესახებ არ იცოდა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ვფიქრობ, ამ თემას სწორედ შეაფასებენ სამხედრო ექსპერტებიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის.