გია ვოლსკი - სააკაშვილი ვა-ბანკზეა წასული, მას დამატებითი „ბალასტი“ აღარ სჭირდება
გია ვოლსკი - სააკაშვილი ვა-ბანკზეა წასული, მას დამატებითი „ბალასტი“ აღარ სჭირდება

მისი გადმოსახედიდან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა დალაგებული და გეგმაზომიერი იყო, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მან გაერთიანებულ ოპოზიციაში შესული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები მოიხმარა და დღეს, გზის გაგრძელება მათ გარეშე სურს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების თაობაზე.

ვოლსკის თქმით, დღეს, როცა წინასაარჩევნო პერიოდი მოვიდა, სააკაშვილს გაერთიანებული ოპოზიცია აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე.

„არავის უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. ერთი პერიოდი, თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როცა ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ინტელექტუალური რესურსი წინ გადაეწიათ და იმ სისხლიან წარსულს ჩამოსცილებოდნენ, რაც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს, როცა წინასაარჩევნო პერიოდი მოვიდა, სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და მას დამატებითი ზოგი „ბალასტი“ აღარ სჭირდება, რომელსაც „ბალასტად“ მიიჩნევს, ან ზოგს იდეურ მოწინააღმდეგედ. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის რესურსი ცალკე „ნაციონალურ მოძრაობას“, ან „ევროპულ საქართველოს“ და თუნდაც, ერთად არავის არ გააჩნია. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რესურსი ამ გაერთიანებას ჰქონდეს, რადგან მათ შორის განსხვავება და ეკლექტიკა არაფერ სიკეთეს ქვეყანას არ უქადის. მათ პერსპერქტივა არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ აქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.