გია ვოლსკი - სააკაშვილი უკრაინას თავისი განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულ უხერხულობას უქმნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოსალოდნელიც იყო
გია ვოლსკი - სააკაშვილი უკრაინას თავისი განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულ უხერხულობას უქმნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოსალოდნელიც იყო

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას თავისი განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულ უხერხულობას უქმნის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში გამოხატული პოზიციით, არამედ ზოგადად, ექსცენტრიულობით, თავისი მკვახე საუბრით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოსალოდნელი იყო.

„ვფიქრობ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის აუცილებლობა, რაც ახლა მინისტრმა გამოხატა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა. როგორც ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია მწუხარებას იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლება და უფლებამოსილება, წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“.

„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“, – განაცხადა კულებამ.

დატოვე კომენტარი