გია ვოლსკი - სააკაშვილი თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და მოკვდინებაში
სააკაშვილი ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და, მათ შორის, მოკვდინებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სადისტური მმართველობს სისტემის ჩამოყალიბებისთვის არის დამნაშავე.
„კონკრეტული პიროვნების მიმართ ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს აქვს შექმნილი თაღლითების პიარჯგუფს, გარკვეული ანალიზის აუცილებლობას განაპირობებს. არის თუ არა იგი დამნაშავე? აშკარად დამნაშავეა. არის თუ არა დამნაშავე არა მარტო იმ მუხლებით, რომელიც მის მიმართ არის წაყენებული, არამედ, ზოგადად, სადისტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობისთვის? იგი დამნაშავეა. სწორედ ეს რეალობა რომ გადაიფაროს, ახლა „მაგნიტსკის სიის“ შექმნის საკითხი მოიგონეს. სააკაშვილი, სადისტური და სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში, თავად იყო რეჟიმის მსხვერპლი. სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, მის მიმართ ასეთი ინსინუაციების გამოგონება გაგრძელდება. დღეს არ არის პირველი დღე, როდესაც ჩვენ გვესმის სხვადასხვა ფანდი და პიარნაბიჯი, რითიც საზოგადოების ყურადღება უნდა მიიპყრონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.