გია ვოლსკი - სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის სისტემამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც წესია, ამაში ვერანაირ პოლიტიკურ ნიშანს ვერ ვხედავ
გია ვოლსკი - სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის სისტემამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც წესია, ამაში ვერანაირ პოლიტიკურ ნიშანს ვერ ვხედავ

ნებისმიერ ადამიანს, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, სააკაშვილს შეუძლია, იშიმშილოს და ეს არ განაპირობებს მის მიმართ მართლმსაჯულების დამოკიდებულებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისვე თქმით, როდესაც სააკაშვილი შიმშილობს, ციხის ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის სისტემამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც წესია.

„ჰუმანურობა ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ახასიათებდეს და ახასიათებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც შიმშილობს ან ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, გარკვეულ თანაგრძნობას ყოველთვის იმსახურებს, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი ადამიანი შიმშილობდა და ვისი შიმშილიც არ აწყობდა იმ ხელისუფლებას, ძალით აჭმევდნენ. ვინმესთვის არც ძალადობა და ცხვირში მუშტის რტყმევა დაუკლიათ. ამ ყველაფერს სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, როცა პატიმრები ვალდებული იყვნენ, ლოგინის ქვეშ შემძვრალიყვნენ, როგორც კი საკანში ზედამხედველი შევიდოდა. ეს რეალობა იყო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. თუ სააკაშვილი გარკვეული პერიოდი იშიმშილებს და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს იმ ვითარებისადმი, იქვე უნდა მოიგონოს, რასაც თვითონ სჩადიოდა პატიმრების მიმართ.

ვიმეორებ, როცა მძიმე მდგომარეობაშია პატიმარი, მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება არის აუცილებელი, თუნდაც, ისეთი ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს სადისტური მართვის სისტემა შექმნა და საფუძველი ჩაუყარა. უფრო მეტიც, მისი დანაშაული არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანებს აწამებდა ან მისი სისტემა ქმნიდა ადამიანის წამებისთვის ჩვეულებრივ განზომილებებს, არამედ შექმნა ადამიანების კასტა, ვინც აწამებდა, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ახალგაზრდა ხალხს, რომლებიც დღეს მწამებლებად არიან შერაცხული, შეიძლება სულ სხვა ცხოვრების სულ სხვა პერსპექტივა ჰქონოდა. მან შექმნა ეს სისტემა, რომლის მამამთავარია. შიმშილობს და როგორც არის დადგენილი წესი, ისე უნდა იმოქმედოს ციხის ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის სისტემამ, ამაში ვერანაირ პოლიტიკურ ნიშანს ვერ ვხედავ. ქართულ სასამართლოსა და სტრასბურგს არ მიაჩნიათ, რომ ის პოლიტპატიმარია. ასევე ასეთი განცდა აქვს საზოგადოებას. მეგის ქარდავას არ ვიცნობ და ა.შ. ეს ზღაპრები არავისთვის დამაჯერებელი არ არის. მას სწორად მიაჩნდა, რომ ტერორია საჭირო, რათა სახელმწიფოში წესრიგი დამყარდეს. მის გარშემო მყოფ მმართველ პირებსაც არ უარყვიათ, რომ ასე მართავდნენ, რადგან ასე მიაჩნდათ სწორად. ხან ემოციაზე მიგვითითებენ, ხან კანონზე, ხან პოლიტპატიმრობაზე, ხან ისტორიულ წარსულზე, რაც არასწორია. ზოგისთვის ისტორიაა მისი მმართველობის პერიოდი, ზოგისთვის კი, დღევანდელი დღე, როცა ცხოვრება გაუფუჭდა ათასობით ადამიანს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, სააკაშვილს შეუძლია, იშიმშილოს და ეს არ განაპირობებს მის მიმართ მართლმსაჯულების დამოკიდებულებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.