გია ვოლსკი - რუსთავის საზოგადოება არ გახლავთ ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ბადრი ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს
გია ვოლსკი - რუსთავის საზოგადოება არ გახლავთ ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ბადრი ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მოსაზრებით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის ამომრჩეველი ნდობას არ გამოუცხადებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაში იყო ბრალდებული, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა.

„ჯაფარიძის და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.