გია ვოლსკი - „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ რუსული თემა აიღო
გია ვოლსკი - „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ რუსული თემა აიღო

ანტისაოკუპაციო მანიფესტაციას გარკვეული პრობლემები შეექმნა. პირველი იმიტომ, რომ კრისტალიზაცია მოხდა და „ნაცმოძრაობა“ წარმოჩინდა, როგორც ამ მოძრაობის ხელმძღვანელი და საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც ამაში მონაწილეობას იღებდა, დაინახა, რომ იმ ძალის გვერდით დგას, რომელმაც 2008-ში მიუხედავად პარტნიორი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის სულ სხვა საგზაო რუკისა, სხვანაირად იმოქმედა და ძალიან სერიოზული კონსპირაცია მოხდა ისე, რომ რუსეთს საშუალება მიეცა არათუ შემოსულიყო, ოკუპაცია მოეხდინა, არამედ თავისი პოზიცია გაემყარებინა რეზოლუციებით, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სიტუაციამ სტაბილიზაციისკენ დაიწყო სვლა და ხელახალი ესკალაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან კვლავ რუსული თემის წამოწევას მოჰყვა.

„საზოგადოებამ დაინახა ისიც, რომ რეალურად ამ შემოჭრის დროს მომხდარი ეს უბედურება არ იყო მსგავსი იმისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ არაერთხელ ჩაიდინა, რადგან მაშინ სახელმწიფოს პოლიტიკა იყო ისეთი. ახლა სპონტანური, გამომდინარე ვითარებიდან შეიძლება, იყო ძალის გადაჭარბება, არასწორი მოქმედებები, რეალურია, გამოძიება მიმდინარეობს და განსხვავება დაინახა საზოგადოებამ. ამას დაემატა კიდევ განცხადება იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნებისთვის მზად არის ძალიან ბევრი პარტია და ახლა უკვე კონსულტაციები მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით.

საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც მთავარია, დაინახეს, რომ დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მთელი პაკეტი დავამტკიცეთ გრანტებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის საქართველოსთვის. საგარეო თემა მოიხსნა დღის წესრიგიდან მიუხედავად პროვოკაციისა, რაც მოხდა. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და სიტუაციამ სტაბილიზაციისკენ სვლა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი წაუგებელი სვლა იყო, რომ „რუსთავი 2“ გამოსულიყო და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. „რუსთავი 2“ ხომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პროპაგანდისტული განყოფილება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და თემა აიღო. კვლავ რუსული რესურსი, კვლავ რუსული თემა, ისევე როგორც ეს ადრე მოხდა და კვლავ რუსული რესურსით დაპირისპირება აწ უკვე საქართველოს ეკონომიკურ სიტუაციაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.