გია ვოლსკი რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას პოლიტიკურ დემარშსა და მუქარას უწოდებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას პოლიტიკურ დემარშსა და მუქარას უწოდებს.
ვოლსკის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეეცდება.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რუსეთმა მაღალ საექსპერტო დონეებზე ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. ეს არის აშკარა პოლიტიკური დემარში, მე ვიტყოდი, მუქარა, ისევე, როგორც ბორდერიზაცია, ხალხის გატაცება. უნდა ველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს მიმართულება, ეს ტრენდი კიდევ უფრო გამძაფრებული იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ის ასევე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან მიმართებაში პოზიცია არ დააფიქსირა. ვოლსკის თქმით, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები ოპოზიციის სტილია.
„საერთოდ, ჩვენი ოპონენტების სტილია ეს ბრტყელ-ბრტყელი და ხმამაღალი განცხადებები, რაც სინამდვილეში რუსეთს ყველანაირ წინაპირობას უქმნის, რომ თავისი სტრატეგიული ამოცანები შეასრულოს. საქართველოს პარტნიორ არც ერთ ქვეყანას ხელისუფლების მიმართ არანაირი საყვედური არ აქვს, პირიქით, აი, ახლა ნატო-ს და საქართველოს ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზეა, ამაზე საუბარი აღარ მაქვს და ევროკავშირის ქვეყნებიც ზუსტად ამ პოზციაზე არიან. ხელისუფლება გამიზნულად და სწორად მოქმედებს, როდესაც ამწვავებს საკითხებს და რუსეთი ამისთვის იხდის ფასს. ნებისმიერი სხვა ქვეყანა მძიმე ეკონომიკური სანქციებს ქვეშ მოხვდება, თუკი საქართველოს ტერიტორიის ერთიანობას არ აღიარებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.