გია ვოლსკი - რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მმართველ ფუნქციას ახორციელებს და ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის
გია ვოლსკი - რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მმართველ ფუნქციას ახორციელებს და ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს მმართველ ფუნქციას, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ოჯახისა და ადვოკატისთვის რუსეთის გენერალური პროკურატურისგან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

„დავა მიმდინარეობს. არსებობს სტრასბურგი, საერთაშორისო სამართალი, ასევე ნორმები ადამიანური და არსებობს შექმნილი პოლიტიკური ვითარების რეალური ანალიზი, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს მმართველ ფუნქციას. ასე რომ. ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის. ამ თემაზე რუსეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია, ვინაიდან ასეთი პოზიცია აქვს. ამ მხრივ, მომავალშიც ვერ ვხედავ პერსპექტივას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.