გია ვოლსკი - რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც პრობლემები დაუგროვდა შიგნით, დიდი ალბათობით შეუძლია, ეს აგრესია გარეთ გადმოიტანოს
გია ვოლსკი - რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც პრობლემები დაუგროვდა შიგნით, დიდი ალბათობით შეუძლია, ეს აგრესია გარეთ გადმოიტანოს

რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც პრობლემები დაუგროვდა შიგნით, დიდი ალბათობით შეუძლია, ეს აგრესია გარეთ გადმოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუფაინენშალ თაიმსთან შეაფასა, სადაც ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია.

პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ პროვოკაციები რუსეთის მხრიდან, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში არის მოსალოდნელი.

პანდემიასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ითქვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. რასაკვირველია, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ყველა მიმართულებით, არც ის არის გამორიცხული, დიდი ალბათობით შეიძლება დავუშვათ, რომ იგი თავის საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიული გახდება. სხვა თემებზე ყურადღების გადატანა, ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ესეთი ტიპის სახელმწიფოები, რომელსაც საქართველოში კონკრეტულად 20% ტერიტორია აქვს ოკუპირებული.

თქვენ ახლაც ხედავთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საკმაოდ აგრესიულ ქმედებებს, რაც გამოიხატება დამატებითი სასაზღვრო ზოლის გაძლიერებაში, მავთულხლართების კეთებაში და გარკვეული პირობების გამო არის მხოლოდ, რომ არ იტაცებენ ხალხს ყოველდღიურად. ასე რომ პროვოკაციები რუსეთის მხრიდან, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, რასაკვირველია, მოსალოდნელია“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხზე საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს ყველა ეტაპზე წარმოადგენს და ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია.

„რეალობას აღწერს. რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც პრობლემები დაუგროვდა შიგნით, დიდი ალბათობით შეუძლია, გადმოიტანოს ეს აგრესია გარეთ, ასე რომ ამ თემაზე საუბარი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება, არჩევნების მერე თუ ერთი წლის წინ, რუსეთის ხასიათი, მისი საგარეო პოლიტიკის ხასიათი ნამდვილად არ შეცვლილა და სწორედ ამიტომ არის, რომ იგი ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს იხდის სერიოზული ეკონომიკური სანქციების პირობებში“,- აცხადებს გია ვოლსკი.