გია ვოლსკი - როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება
გია ვოლსკი - როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება

როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც სერგეი ლავროვი აღნიშნავს: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს, მთავარია ის, რა ინტერესი აქვს საქართველოს.

„რასაკვირველია, ლავროვი განცხადებას იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რომელსაც წარმოადგენს. ლავროვი ყოველთვის იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა “ნაცმოძრაობაში” ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება. რასაკვირველია, ოპოზიციის განცხადებები ხავსთან ჭიდილია, რომ ამოვიდნენ იმ მღვრიე დინებიდან, რომელიც თავის თავს თავად შეუქმნეს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებაა იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთის სასარგებლოდ რაღაც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. რუსეთის განცხადება მიუთითებს, რომ საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციისა და რყევის სიტუაცია მუდმივად იყოს. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს. მთავარია ის, რა ინტერესი აქვს საქართველოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ინტერესია, არ დაუშვას დესტაბილიზაცია, მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში, ასევე უზრუნველყოს განვითარება, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ტურბულენტური სიტუაციისა.

„„ნაცმოძრაობის“ ინტერესი, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს, სხვა მიმართულებებზეა. მათ უნდათ, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და ის გააკეთონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ და რაზეც ღიად ლაპარაკობენ. რუსეთისთვის საქართველოში დესტაბილიზაციის არსებობა საინტერესო და მნიშვნელოვანია იმდენად, რომ აქ არ მოხდეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების სრული რეაბილიტაცია. სიტუაციის შერყევის მიზანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რუსეთისთვის ერთია, შინაარსია სხვადასხვა. 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ „ნაცმოძრაობას“ რაიმე უჭირდეს და რუსეთის მაღალჩინოსნებმა არ გააკეთონ გაცხადება.

რუსეთი დაპირისპირებულია დასავლეთთან, ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ ჩვენი პოლიტიკით და, რასაკვირველია, ფრენების საკითხს ახლავს გარკვეული უხერხულებები პროპაგანდისტულ ველზე, მაგრამ პროპაგანდის იქით არსებობს ეროვნული ინტერესები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მით უმეტეს, თუ რუსეთის სანქცია იყო ავიამიმოსვლის შეწყვეტა და არა – ქართული მხარის. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს დაპირისპირების არსებული ხარისხის გათვალისწინებით. არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს, პოლიტიკური დიალოგი გვქონდეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან“, – განაცხდა ვოლსკიმ.