გია ვოლსკი - როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, სტვენაზე გადავიდნენ
ოპოზიციას „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდა და ვერ მოაწყო, – ასეთ კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარლამენტთან იმართება. მისივე თქმით, „როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, სტვენაზე გადავიდნენ“.
„სარკასტულად შეიძლება ვუპასუხო, რომ „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ და ვერ მოაწყვეს. სამწუხაროდ, ადამიანების დაშავების ფაქტები იყო, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა იმ დანაშაულებებს შორის, რაც ჩაიდინეს, თუნდაც მიტინგის დაშლის დროს და იმ მოვლენებს შორის, რაც 20 ივნისს მოხდა, შეუძლებელია, გამორიცხულია, მაგრამ მცდელობები იქნება და ერთ-ერთი გამოხატულება იყო დღევანდელი სტვენა. როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე. ასე რომ, ეს პასუხი ზუსტად შეესაბამება, ადეკვატურია იმ კომენტარებისა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გააკეთეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ აქციას მართავენ. პარლამენტის შენობასთან პერიოდულად სიტუაცია იძაბება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას აპროტესტებენ. ისინი სასტვენებით ცდილობენ, პარლამენტის შენობაში შეკრებილ დეპუტატებს ხმა მიაწვდინონ. როგორც ისინი აცხადებენ, მათზე საშვები არის დაშვებული, თუმცა შენობაში არ უშვებენ. პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ხმაურითა და სასტვენებით სხდომის დაწყებას ხელი შეუშალეს. მოგვიანებით, მათ დარბაზი დატოვეს. სხდომას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება.