გია ვოლსკი - ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვების შეტანა, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება
გია ვოლსკი - ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვების შეტანა, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება

როცა ფრენებსა და მიმოსვლაზე ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, ეჭვები შეიტანოს, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება.

„როცა ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, რასაკვირველია, ორმხრივად ყველაფერი გაწერილია, რათა საქართველოს და ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას. არც ისინი არიან ხელჩამოშვებულები და დილეტანტები. ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს ვითარება, სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. არავინ არის თვითმკვლელი. როცა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებსა და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება თურქეთის სახმელეთო საზღვრის გახსნის მოთხოვნას, გია ვოლსკი ამბობს, რომ თურქეთში უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი საკმაოდ დაბალ დონეზეა, რის გამოც მოქალაქეების ჯანმრთელობა შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს.

„ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულე, რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არ არის ე.წ. ოპოზიციის პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლო ხალხია, არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ. ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით, რომ გიპასუხოთ, რას ლაპარაკობდნენ რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.