გია ვოლსკი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესებამ შესაძლოა, მეტი გაუგებრობა და ინტერპრეტაცია გამოიწვიოს 
გია ვოლსკი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესებამ შესაძლოა, მეტი გაუგებრობა და ინტერპრეტაცია გამოიწვიოს 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესებამ შესაძლოა, პირიქით, დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში მსჯელობა უნდა გაიმართოს.

„არის ასეთი გამოცდილება და პრაქტიკა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. ამ ეტაპზე, ჩემი აზრი არის, რომ ამან შეიძლება სივრცე შექმნას პროვოკაციებისთვის, დაპირისპირებებისთვის, მათ შორის ხელოვნური დაპირისპირებისთვის და პირიქით, სტაბილურობას კი არ შეუწყოს ხელი, არამედ მეტი გაუგებრობა და ინტერპრეტაცია გამოიწვიოს. ასე ვფიქრობ, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია“, – განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.  ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.  ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.