გია ვოლსკი - რატომ გიჭირთ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში სააკაშვილი დამნაშავეა
გია ვოლსკი - რატომ გიჭირთ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში სააკაშვილი დამნაშავეა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ქართული ოცნების“კოალიციის ყოფილ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, თქვან სიმართლე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იმეორებდნენ.

გია ვოლსკი აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. პირველი ვიცე-სპიკერი კითხვას უსვამს „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს – „რატომ უჭირთ აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა“.

„დღეისთვის პოლიტიკაში კვლავ აქტიურად არიან ჩართული ადამიანები, ვინც 2012 წელს, ჩვენთან ერთად, ოპოზიციური კოალიციის წევრები იყვნენ. იმ პერიოდში, ქვეყანაში შექმნილმა არაერთი სხვადასხვა ხასიათის პრობლემამ გაგვაერთიანა, იყო გარკვეული მსოფლმხედველური სხვაობებიც, მაგრამ არა ადამიანების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებების საკითხებზე. ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ამჯერად არ ჩავუღრმავდები, თუმცა თქვენი აზრია საინტერესო კონკრეტულ ფაქტზე, კერძოდ: დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 2005 წელს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების სამსახურის დანაყოფის წევრები და სასტიკი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო! (იმ პერიოდში არც ადამიანის წამებით სიკვდილი იყო რაიმე უცხო მოვლენა).

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ დროს ვალერი გელაშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო, დეპუტატი, რომელიც 2005 წელს „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, სწორედ ამ პარტიის სიის პირველ სამეულში იყო! მაშინ გელაშვილი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა! ეს იყო სიმართლე, რომელიც ჩვენც კარგად ვიცოდით და საზოგადოებამაც…

ამ ფონზე, დღეს, როდესაც ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის სათანადო სტანდარტი, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი, რატომ გიჭირთ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილ წევრებს იმის აღიარება, რომ ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმეში, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა?!

როგორ დავიჯერო, რომ დღეს, უკვე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. გაერთიანების წევრები ასე უიმედოდ ხართ დავალებული სააკაშვილისგან ან რა კომპრომატები აქვს ამისთანა, რომ არათუ არ ახსენებთ დანაშაულს, არამედ ცაში აგყავთ მისი სიქველე და დამსახურებები“, – აღნიშნავს „ფეისბუქსტატუსში“ გია ვოლსკი.

პირველი ვიცე-სპიკერი გუნდის ყოფილ წევრებს მოუწოდებს, სიმართლე ისაუბრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიას მოუწოდებს, გადახადონ არქივებს და ნახონ, რა პოზიცია ჰქონდათ ამ ადამიანებს.

„თუ ასე არაა, მაშინ გეყოთ გამბედაობა თუ ღირსება, გამოდით და თქვით სიმართლე, სიმართლე, რომელსაც წლების განმავლობაში თავადაც იმეორებდით და მთელმა საზოგადოებამაც კარგად იცის…
თუკი ეს „პოლიტიკური მიზანშეწონილიბის“ თქვენს სტანდარტში არ ჯდება ან გეშინიათ, მაშინ მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს,  გადახედეთ არქივებს, ნახეთ რა პოზიცია ჰქონდათ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებს, რას ამბობდნენ მაშინ და რას ქადაგებენ ახლა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

დატოვე კომენტარი