გია ვოლსკი - რასა იუკნევიჩიენე ანტიდასავლურად განაწყობს საზოგადოებას, რომლის უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მთავრობას ირჩევს
გია ვოლსკი - რასა იუკნევიჩიენე ანტიდასავლურად განაწყობს საზოგადოებას, რომლის უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მთავრობას ირჩევს

ევროპარლამენტისთვის კარგი იქნება დეიუკნევიჩიენიზაცია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.

კერძოდ, რასა იუკნევიჩიენემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ჩართვისას განაცხადა: „ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს. მე ეს მოვთარგმნე უფრო მკაფიო გზავნილად და ამ პროცესს დებიძინიზაცია დავარქვი. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას ეს მესიჯი არ ესმის და ალბათ დღევანდელი საქართველოს პოლიტიკის მძევლები არიან“.

გია ვოლსკის თქმით, რასა იუკნევიჩიენე საზოგადოებას ანტიდასავლურად განაწყობს.

„ევროპარლამენტისთვის კარგი დეიუკნევიჩიენიზაცია იქნება. რასა იუკნევიჩიენე ანტიდასავლურად განაწყობს საზოგადოებას, რომლის უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მთავრობას ირჩევს, რადგან სწორედ მისი გამონათქვამები არის დაპირიპირება საზოგადოების ამ ნაწილთან. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, რაშიც ლომის წილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ აქვს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამდაგვარ განცხადებას რასა იუკნევიჩიენე აკეთებს, ანდრიუს კუბილიუსი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი თუ გუბაზ სანიკიძე, რადგან თითოეულ მათგანს საკუთარ გამონათქვამებზე ერთნაირი პასუხი შეიძლება, გაეცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საერთაშორისო რეიტინგებით იმსახურებს.

„საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებით, რადგან ქვეყანა მრავალი მაჩვენებლით, რეგიონში პირველ ადგილზეა. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას არათუ იმსახურებს, არამედ მის მიმართ დამოკიდებულება გაცილებით უფრო პოზიტიური უნდა იყოს, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური ვნებებით შეპყრობილი ევროპარლამენტარისგან გვესმის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.