გია ვოლსკი - რასა იუკნევიჩიენემ მძიმე განცხადება გააკეთა, უკრაინელებს ეუბნება, თქვენ მიმართ ლოიალობას ომში ჩართულობა განაპირობებსო, ამ ომის უკან რა ტრაგედია ტრიალებს, გაფერმკრთალებულია
რასა იუკნევიჩიენეს განცხადება გარკვეული აღიარებაა, რომ ევროკავშირში დამატებით წევრებს ხელგაშლილი არავინ ელოდება. მათთვის დიდი პრობლემაა იმავე ომში მყოფი უკრაინის ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოლდოვის მიღება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე“.
ვოლსკის თქმით, ევროკავშირისთვის ისიც პრობლემაა, რომ საქართველო, რომელსაც კანდიდატებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებლები და რეიტინგები აქვს, ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს, რადგან გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულებაა, მათ შორის ომის თემაზე.
„არ ვიცი, რასა იუკნევიჩიანეს ეს ყველაფერი რამ ამთქმევინა, მაგრამ ფორმულა ასე იკითხება – ომი ლოიალობას განაპირობებს. უკრაინელებს ეუბნება, თქვენ მიმართ ჩვენს ლოიალობას ომში ჩართულობა განაპირობებსო, მაგრამ ამ ომის უკან რა ტრაგედია ტრიალებს, თითქოს მიჩმალული და გაფერმკრთალებულია. რასა იუკმევიჩიანემ უკიდურესად მძიმე განცხადება გააკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.