გია ვოლსკი - რა ფორმით მოხდება ან მოხდება თუ არა გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას გუნდთან დაშორება, ამას მომავალი გვიჩვენებს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ეკა ბესელია თავისი გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას მოსამართლეების საკითხით აპელირებს.
ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეკა ბესელიას პოზიცია არ ნიშნავს, რომ ბესელია ან სხვა რომელიმე კოლეგა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.
„აქედან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი მომავალი დამოკიდებულება და ურთიერთობაც. არ ვფიქრობ, რომ რამე შეიძლება პოზიციებში შეიცვალოს, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს, მათ შორის ეკა ბესელიაც, თუ რა ზიანი შეიძლება ამან მოუტანოს ქვეყანას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, გაირიცხებიან თუ არა მმართველ გუნდიდან ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს, გია ვოლსკი პასუხობს, რომ „მომავალი აჩვენებს, მოხდება თუ არა დაშორება ან თუ მოხდება, რა ფორმით“.
„გარიცხვა ცუდი სიტყვაა. ფაქტია, რომ პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვფიქრობ, რომ ჩვენი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავდ, ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. არავინ ფიქრობს, რომ სასამართლოს შემადგენლობის თემაზე მომხდარიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდებოდა. სამწუხაროა, რომ ამ თემით აპელირებს ეკა ბესელია, როდესაც თავის გადადგომის წინაპირობას ახასიათებს. არც არაგულწრფელი მიმაჩნია მის მოქმედებები და არც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, შეცდომაა და შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. შესაძლოა, რაღაც პოზიციებიც დავაახლოვოთ ან უკეთ გავერკვეთ შექმნილ ვითარებაში, როგორც ადრე გედევან ფოფხაძის შემთხვევაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.