გია ვოლსკი - ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს უწყობენ მათ, ვინც რეალურად განახორციელა ეს ცვლილება
გია ვოლსკი - ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს უწყობენ მათ, ვინც რეალურად განახორციელა ეს ცვლილება

დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“, საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში.

„მიმდინარე წლის 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ერთ დღესაც არ ჩაუვლია „ქართული ოცნების“ მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვაგვარი პერფორმანსის, აქციების და ესოდენ პოპულარული – „ფეიკ-ნიუსების“ გარეშე. ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ, რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ – შესაძლებელია კი, ისეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა?! დღევანდელი მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურებაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ დღეს აღნიშნა, რომ ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს უწყობენ მათ, ვინც რეალურად განახორციელა ეს ცვლილება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, არ აქვს გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი. ამიტომ, ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი „კმარელების“ გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიზნების მიღწევას. მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე, შესაბამისად, ნებისმიერ სამართლადარღვევას, მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ბოლოს, მინდა მოვიყვანო ერთი, დღევანდელი შემთხვევა – ადამიანი, მერაბ ქვარაია მყავს მხედველობაში, რომელიც ციხეში იჯდა არაფრის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთხზული ბრალდებებით, დღეს კვლავ გახდა სწორედ ამ ხალხის, უკვე ახალი თაობის ბრუტალური შეტევის სამიზნე. არ მგონია, რომ ამას სათანადო შეფასება არ უნდა მიეცეს თქვენს მიერ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი