გია ვოლსკი - „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები უმრავლესობაში რჩებიან, ანტაგონიზმი ჩვენში არ არის, გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით
გია ვოლსკი - „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები უმრავლესობაში რჩებიან, ანტაგონიზმი ჩვენში არ არის, გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები უმრავლესობაში რჩებიან.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ანტაგონიზმი ჩვენში არ არის. გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით. არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კიმენტარს არ ვაკეთებთ, არის საკითხები, რაზეც ჩვენგან კომენტარები უნდა მოისმინოთ. გამოხატვის ეს ფორმა, რომელიც აარჩიეს ჩვენმა კოლეგებმა, არ განაპირობებს ჩვენს შორის ანტაგონიზმს, მაგრამ ფაქტია, რომ შეკითხვებზე, რომლებსაც სვამენ, პასუხებია საჭირო“, – ამბობს გია ვოლსკი.

გია ვოლსკის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა ფაქტია, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გამოაკლდა გარკვეული რაოდენობა.

„ამ პერსპექტივის და ტენდენციის გაგრძელებას ვერ ვხედავ“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობა მნიშვნელოვანია და პარტნიორებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით.

„სტაბილურობა აუცილებელია და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გაცილებით მეტი აქცენტი უნდა აკეთონ ამ თემასთან დაკავშირებით, ვიდრე აბსოლუტურად უსაფუძვლო, ცარიელ, ფუჭ და რეალობასთან შეუსაბამო განცხადებების გატარებაზე, მაგალითად, რომელსაც გიორგი ვაშაძე აკეთებს. ამაზე სერიოზული შენიშვნაა მისაცემი. ზოგადად, ველოდებით ისეთ განცხადებებს, რომლებიც რადიკალურად დაუპირისპირდება თუნდაც ევროპარლამენტის იმ უტიფარ რეზოლუციას, რომლის გარშემო გარკვეული პოლიტიკური ძალები შეიკრიბა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის შემადგენლობიდან. არ შეიძლება, ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდეს ლოიალური დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გინდ, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოში სტაბილურობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.