გია ვოლსკი - „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ისეთი მთავარი პროკურორი უნდათ, რომელიც არ იქნება მიკერძოებული  და ასეთია შალვა თადუმაძე
გია ვოლსკი - „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ისეთი მთავარი პროკურორი უნდათ, რომელიც არ იქნება მიკერძოებული  და ასეთია შალვა თადუმაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, გარკვეული საკითხებია, რაზეც მთავარი პროკურორის მოსაზრება აინტერესებს.

„არის გარკვეული თემები, მათ შორის წართმეული ქონების საკითხი, ქონების დაბრუნება მიმდინარეობს, მაგრამ ინტენსივობა დაბალია და ეს თემა მაინტერესებს. შალვა თადუმაძეს კარგად ვიცნობ და მისი დიდი რესურსი ვიცი. სამწუხაროა, რომ დღეს ოპოზიცია არ არის და თავისი “პრინციპულობით” თავს არ გამორჩენს, მაგრამ არაუშავს. „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ისეთი მთავარი პროკურორი უნდათ, რომელიც მიკერძოებული არ იქნება და დანაშაულის მიმართ მკაცრი იქნება, ასეთია შალვა თადუმაძე. ვინც არ უნდა  შეგვერჩია, ნებისმიერი პირი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა”, – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატის მოსაზრებით, მთავარი პროკურატურა უფრო ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.

„ასეთ შემთხვევაში უფრო კარგად დავინახავთ, რომ პროკურატურას უამრავი საქმე ძალიან მაღალ დონეზე აქვს გამოძიებული. სამწუხაროდ, საზოგადოებამ მხოლოდ ის ნაწილი იცის, სადაც რაიმე პრობლემა და სკანდალი შეიქმნა, რაც ხშირი არ არის”, – დასძინა ვოლსკიმ.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატზე შალვა თადუმაძეზე იმსჯელებს.​თადუმაძეს თანამდებობაზე დანიშვნისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. დღევანდელ სხდომას უმცირესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.