გია ვოლსკი - პრეზიდენტი შეწყალებას კონვეიერული წესით არ უნდა ახდენდეს
გია ვოლსკი - პრეზიდენტი შეწყალებას კონვეიერული წესით არ უნდა ახდენდეს

პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს თუკი ადამიანების შეწყალების დისკრეცია აქვს, არ შეიძლება, ეს კონვეიერული წესით ხდებოდეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ირაკლი ქორიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც წარსულშიც იყო მსჯავრდებული.

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა. ეს ჰუმანური და სწორი ნაბიჯია, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური. პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, პასუხი საკუთარ ნამოქმედარზე აგოს, მით უმეტეს, თუ შეწყალება გაუმართლებელია. განსაკუთრებით შეკითხვას მძიმე და ნარკოტიკული დანაშაულისთვის შეწყალებულთა რაოდენობა იწვევს. თუ ეს გადაწყვეტილებები მექანიკურადაა მიღებული, მაშინ კითხვები საკმაოდ ბევრი ჩნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ირაკლი ქორიძე 2014 წელს შეიწყალეს. შეწყალება პირადად ქორიძეს არ ეხებოდა, არამედ ეხებოდა ყველა პატიმარს, ვისაც შეკრებითობით საკმაოდ ბევრი წელი ჰქონდა მისჯილი.

„პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, თუკი ადამიანების შეწყალების დისკრეცია აქვს, არ შეიძლება ეს კონვეიერული წესით ხდებოდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფი გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.