გია ვოლსკი - პრაქტიკულად, საქართველოში ყველა მიმართულებით ევროპული პროექტები ხორციელდება
ექვსი წლის განმავლობაში საქართველომ გაიძლიერა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი. მან კომენტარი გააკეთა ასოცირების შეთანხმებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად საქართველოში ყველა მიმართულებით ევროპული პროექტები ხორციელდება.
„სერიოზული ეკონომიური დახმარებები მიიღო საქართველომ, გაათანაბრა თავისი შინაარსით და პროგრესულობით საკანონმდებლო ბაზა ევროპის საკანონმდებლო ბაზასთან. ათასობით ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო საშუალება, თავისი განათლება გაეღრმავებინა ევროპის ქვეყნებში. ძალიან დიდი იყო ფინანსური დახმარება, ყველა მიმართულებით პრაქტიკულად ევროპული პროექტები ხორციელდება და შემდეგ, როცა საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი და მძლავრი რესურსი ჩვენთვის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას განვითარებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.