გია ვოლსკი - პომპეოსთან შეხვედრაზე არ ველოდები საკითხის იმ კუთხით განხილვას, რას აპირებთ, იქნებ ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ გაიმარჯვებს, იქამდე ვატაროთ არჩევნებიო
გია ვოლსკი - პომპეოსთან შეხვედრაზე არ ველოდები საკითხის იმ კუთხით განხილვას, რას აპირებთ, იქნებ ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ გაიმარჯვებს, იქამდე ვატაროთ არჩევნებიო

მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე არ ველოდები საკითხის იმ კუთხით განხილვას, რას აპირებთ, იქნებ ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ გაიმარჯვებს, იქამდე ვატაროთ არჩევნებიო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში არის ძალიან მძიმე ვითარება, რასაც პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს. ასევე, არასტაბილური სიტუაციაა ზოგადად, მსოფლიოში“.

ამასთან, შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას საუბარი შეეხება არჩევნების მეორე ტურს და ოპოზიციის ბოიკოტს, ვოლსკი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართული მხარე ალბათ გაიმეორებს ზუსტად იმას, რაც აშშ-მა თავისი ელჩის სახით უკვე განაცხადა.

„ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა. არჩევნები ჩატარებული იყო ფუნდამენტური უფლებების დაცვით. სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ საკითხს, რატომ ხდება, რა არის საბოტაჟის მიზეზი და ხელს აძლევს თუ არა აშშ-ს ასეთი მდგომარეობა, როდესაც საბოტაჟის ორგანიზატორები სააკაშვილის თამადობით საქართველოს მიაქანებენ სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც რუსეთს ურჩევნია. ჩატარდა არჩევნები და ალბათ ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მათ ხმა მისცა, რომ არჩევნები ჩატარებული იყო ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული. საკითხის ამ კუთხით განხილვას, – რას შვრებით, ბიჭებო, რას აპირებთ, იქნებ ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ გაიმარჯვებს, იქამდე ვატაროთ არჩევნები, – არ ველოდები. ეს სერიოზული საუბარი იქნება, და არა მარტო არჩევნებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.