გია ვოლსკი - „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა
გია ვოლსკი - „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თემა სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ადვოკატობა ვერ წარმომიდგენია საგარეო კურსის გამო, იმ დამოკიდებულების გამო, რაზეც ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი ფურცლის გამო მოხსნის საკითხი არასერიოზულია. ამ თემაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ვითომ, პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რამე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან, ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვი. ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგიერთი პირდაპირ არის დამოკიდებული, ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ეს საკითხი, მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ეს იქნება „პატრიოტთა ალიანსი“ თუ, ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, „არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ აკეთებს ან მის მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება“.

„ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია ეს პარტია გარედან, მით უმეტეს, ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია. ბანერები ჩამოვხსენით, რადგან ანტისახელმწიფოებრივია, თუმცა რუსულ თემას პირდაპირ არ ეხება. გამოძიების თემასთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, არ შეიძლება, ჟურნალისტმა გადაწყვიტოს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა. კომპეტენტური სტრუქტურები გვყავს და გადაწყვეტენ, რამდენად დანაშაულის შემცველია, რაც გააკეთეს. ვამბობ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტივობები. თუ დადასტურდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა რუსეთიდან არის დაფინანსებული, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა. ვნახოთ, ისეთი პროცედურა გაგრძლედება, რაზეც თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“  შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოძიების მოთხოვნითაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას მიმართა. მისი ინფორმაციით, ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსული დაფინანსება მიიღო.