გია ვოლსკი -„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პათოსს მხარს ვუჭერ, თუმცა ყველაფერს გაცილებით მძლავრი სამართლებრივი ფუნდამენტი სჭირდება
გია ვოლსკი -„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პათოსს მხარს ვუჭერ, თუმცა ყველაფერს გაცილებით მძლავრი სამართლებრივი ფუნდამენტი სჭირდება

სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების საკითხზე რეზოლუციის პათოსს რომ მხარდამჭერები ჰყავს, მათშორის, მეც, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ყველაფერს გაცილებით მძლავრი სამართლებრივი ფუნდამენტი სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველობის ამ პერიოდთან დაკავშირებით პარლამენტმა არანაკლებ მკაცრი, მაგრამ გაცილებით უფრო პროფესიონალური და სიღრმისეული რეზოლუცია მიიღო.

„პარტიას, რომელთან დაკავშირებითაც ეს დადგენილებაა მიღებული, 800 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საზოგადოების დიდი ნაწილის აბსოლუტურად განსხვავებულ პათოსს ანგარიში უნდა გავუწიოთ, რადგან პასუხისმგებელი ვართ სტაბილურობაზე და გარკვეულ საკითხებზე, რომელიც საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებას უკავშირდება. ჩვენი რეზოლუცია, რომელიც მმართველობის ამ პერიოდთან დაკავშირებით მივიღეთ არანაკლებ მკაცრია, მაგრამ გაცილებით უფრო პროფესიონალურად და გაცილებით უფრო სიღრმისეულად აანალიზებს მიზეზებს, თუ რატომ შევაფასეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ესოდენ მკაცრად. აქ უშველებელი მასალაა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. აქ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევების უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი. სამართლებრივად ემოციის დონეზე ადვილია შევაფასოთ. ზუსტად იმ პათოსით შემიძლია ვისაუბრო როგორც ქალბატონი ირმა საუბრობს, თუმცა ამ რეზოლუციის სამართლებრივი ნაწილი მნიშვნელოვანწილად გასამართი აქვს. რეზოლუციის პათოსს, რომ მხარდამჭერები ჰყავს და მათშორის მეც, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ყველაფერს გაცილებით მძლავრი სამართლებრივი ფუნდამენტი სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას მხარს თუ არ დაუჭერეს, გამოვა, რომ კიდევ ერთხელ გადაარჩენს ამ ჯგუფს. რაც შეეხება რეზოლუციას, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია.