გია ვოლსკი - ამნისტიის პოლიტიკური აქტი ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებზე
გია ვოლსკი - ამნისტიის პოლიტიკური აქტი ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ამნისტია პოლიტიკური აქტია, რომელიც ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ვოლსკის განმარტებით, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე უნდა აიღონ, გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში.

„საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ სტაბილურობა იყოს მიღწეული. შარლ მიშელმა და პროცესებში ჩართულებმა სრული ინფორმაცია მიიღეს, რომ არსებობს მყარი პოზიცია როგორც პოლიტიკური სუბიექტების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, რომ რაც მოხდა, ამის პროვოცირება მოახდინა პარლამენტში შემოჭრის სურვილმა და ნიკა მელიას მიერ ორგანიზებულმა, გათვლილმა სტრატეგიამ, რომ კონსტიტუციური წეს-წყობილება ძალისმიერი მეთოდით ყოფილიყო საქართველოში უგულებელყოფილი.

აქედან გამომდინარე, ძალადობის ფაქტების შეფასება სხვადასხვანაირია. პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე უნდა აიღონ, გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში. არც პოლიციელების ადვოკატი ვარ, მით უმეტეს, არც მელიას და რურუასი, არც იმ ხუთი პიროვნების, ვინც დროებით არიან გამოშვებულები გირაოთი, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება, რაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით. ისეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და სხვაც მასზე აყოლილია, მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.