გია ვოლსკი - პარტია „ქართულ ოცნებაში“ მდივნების შეცვლაზე საუბარი არ არის, ეს თემა გუნდში დისონანსის შესატანადაა მოგონილი
გია ვოლსკი - პარტია „ქართულ ოცნებაში“ მდივნების შეცვლაზე საუბარი არ არის, ეს თემა გუნდში დისონანსის შესატანადაა მოგონილი

„ქართული ოცნების“ ოფისში სხვადახვა ჯგუფებთან კონსულტაციები ყოველდღე იმართება, რომელშიც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ხშირად მონაწილეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს კონსულტაციის მონაწილეები დღის მეორე ნახევარში შეიკრიბებიან და სამუშაო რეჟიმში აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს.

„ძირითადად, სამუშაო რეჟიმია. მთავარი თემებია: როგორ მიმდინარეობს პროექტების განხორციელება, რომელიც დაგეგმილი და დაფინანსებულია, ასევე რა ვითარებაა სოციალური პროგრამებთან დაკავშირებით. აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსიები მიმდინარეობს. ამასთან, წინასაარჩევნო ტექნოლოგიები, მოსახლეობასთან შეხვედრა, პოზიციების შეჯერება, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციები, რეალური სურათის შეფასება და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა – ეს ჩვენი მუშაობის ყოველდღიური რეჟიმია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საზოგადოებას ალბათ აქვს სასაყვედურო ხელისუფლების მიმართ, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რაც გაკეთდა.

„ალბათ, არის სასაყვედურო, მაგრამ მაგრამ იმ ჩამონათვალსაც გადავხედოთ, რაც გაკეთებულია. უმრავი ადამიანი არის სიკვდილს გადარჩენილი სამედიცინო დახმარებით თუ  თანადგომით, რასაც სხვა სოციალური დახმარება ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ერთი მესამედია, არ არის საკმარისი. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და არის ურთულესი მდგომარეობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანამ შეინარჩუნა  სტაბილურობა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.

„სწორი ნაბიჯებია გადადგმული საერთაშორისო დონეზე და კიდევ ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, თუმცა ყველაფერი ეს გაფერმკრთალდება, თუ არ იქნება უფრო მეტი დახმარება საზოგადოების იმ ფენისადმი, რომელიც განიცდის სიდუხჭირეს. ეს არის მთავარი საკითხები. საჭიროა სწორად საქმიანობა, ამიტომ არის ცვლილებები განხორციელებული მერიაში, მთავრობაში და ამ მიზანს ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ მდივნების შეცვლაზე საუბარი არ არის და ეს თემა გუნდში დისონანსის შესატანად არის მოგონილი.

„რაზეც ვისაუბრე, ის თუ მოითხოვს საკადრო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილებებიც არ დააყოვნებს იმ ვერტიკალის გასაუმჯობესებლად, რომელზეც იყო საუბარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.