გია ვოლსკი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე - დიპლომატიური რესურსი ამოწურული არ არის, მეტი კომუნიკაციაა საჭირო
გია ვოლსკი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე - დიპლომატიური რესურსი ამოწურული არ არის, მეტი კომუნიკაციაა საჭირო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 3 მაისს მოვა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მიღება ამ ფორმატში შეეძლება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა ეს განცხადება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ შს მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე დაბარების საკითხზე კომენტარისას გააკეთა.

„3 მაისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა იგეგმება. ვფიქრობ, ამომწურავ ინფორმაციასაც მიიღებს ყველა დაინტერესებული ადამიანი, თუ ამ ინტერესის იქით კიდევ რაღაც წყლის ამღვრევა და რაღაც პოლიტიკური დივიდენდის მიღება დაგეგმილი არ არის, რასაც არ გამოვრიცხავ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. რეალურად, საქმის ვითარებაში გარკვევისთვის გახარია პარლამენტში მოვა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ფართო განხილვა იქნება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თავიდან სულ 20 კაცი იყო შესული და სპეცრაზმი არ მონაწილეობდა. როცა აგრესია თვალნათელი იყო, მერე შევიდა სპეცრაზმი. ვფიქრობ, რომ დიპლომატიური რესურსი ამოწურული არ არის, მეტი კომუნიკაციაა საჭირო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი