გია ვოლსკი - ოპოზიციის განცხადება ნეგატიურია იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდებიან და ცხოვრებას ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ
გია ვოლსკი - ოპოზიციის განცხადება ნეგატიურია იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდებიან და ცხოვრებას ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის განცხადება ნეგატიურია იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდებიან და ცხოვრებას ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიციაში დესტრუქციული ძალა არსებობს, რომელმაც დესტრუქციულად უნდა იმოქმედოს და მათ ასეთი დღის წესრიგი აქვთ.

„რასაკვირველია, ამაში შესწორებას ვერ შევიტანთ და მით უმეტეს, გაკვირვებასაც ვერ გამოვხატავთ. ეს გარემოება მოსალოდნელი იყო, მით უმეტეს, გიგი უგულავას დაკავების ფონზე. ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებაში წამყვანი პარტიები მომხრე არ იქნებიან, რომ რაიმე მოლაპარაკება აწარმოონ და სხვებსაც, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მათზე ჩამოკიდებულები არიან, მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია გაიზიარონ და ეს ერთობის შენარჩუნების გარკვეული წინაპირობაა. პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე ვიყავი და ვაღიარებ, რომ ოპოზიციაში არსებობს განსხვავებულობა – პროდასავლურები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები არიან, რომლებიც ქვეყნისთვის სტაბილურობას ვერ შექმნიან, უმრავლესობა რომც აიღონ. პარტია, რომელიც უმრავლესობას აიღებს, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი და სწორედ ამას ვუფრთხით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვით. შეთავაზების დღიდან ნოემბრამდე, ყოველდღე იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ საქართველოსთვის პროპორციული არჩევნები დამანგრეველი იქნებოდა. ეკლექტიკა ძალიან საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. ერთ მხარეს შალვა ნათელაშვილია, რომელსაც ლიდერობაზე პრეტენზია სულ ჰქონდა და მეორე მხარეს გრიგოლ ვაშაძეა, რომელიც საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანია იმისთვის, რომ ვერ მიხვდეს, რომ შალვა ნათელაშვილი საკმაოდ დამანგრეველია. ამავე დროს, აღმშენებელი არც თავად ვაშაძეა. ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ადამიანები საფრთხის შემცველია. შეიძლება, ეს გაერთიანება დღეს არსებობს, ხვალ დაპირისპირებაზე არ გადავიდნენ და უმრავლესობა რომც მოიპოვონ, ძალიან მყიფე იქნება მათი მართვის სისტემა. არ იჩემებენ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა იყოს, მაგრამ გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობა უნდა შექმნას და აწარმოოს ქვეყნის მართვა. ეს არის ერთადერთი გადარჩენა გამოწვევებით სავსე მსოფლიოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.