გია ვოლსკი - ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი გაუგებარია, მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შევიდნენ შეცდომაში, აშშ ჩვენი მოკავშირეა
გია ვოლსკი - ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი გაუგებარია, მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შევიდნენ შეცდომაში, აშშ ჩვენი მოკავშირეა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარეებს მხოლოდ არჩევნების საკითხი არ განუხილავთ. ვოლსკის თქმით, „ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი გაუგებარია“.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მოკავშირეა და საზოგადოებას მოუწოდებს, შეცდომაში არ შევიდნენ.

ამასთან, ვოლსკის განმარტებით, საქართველო-ამერიკას აქვს საერთო ინტერესი, ქვეყანაში ოქტომბერში მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩატარდეს.

„საუბარი იყო საქმიანი. განხილული საკითხები ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. გაუგებარია, ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკას აინტერესებს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიული, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდეს.

რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, როდესაც ნებისმიერ თემაზე ამერიკის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ ორ ქვეყანას შორის რაღაც გაუგებრობას, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს.

საზოგადოებას მოვუწოდებ, შეცდომაში არ შევიდეს, ამერიკა ჩვენი მოკავშირეა. საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში და ეს შენარჩუნებული იქნება. ჩვენი, საქართველო-ამერიკის ინტერესი ერთიანია, რომ ჩატარდეს მაღალი სტანდარტის არჩევნები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, რომელიც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას“.

სამადაშვილის თქმით, მსგავსი გზავნილი აჩვენებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც აშშ-ის კონგრესმა მოითხოვა. სალომე სამადაშვილის განმარტებით, ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი მომავალში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის.