გია ვოლსკი - ოპოზიციას სურვილი აქვს, გაათანაბროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან
გია ვოლსკი - ოპოზიციას სურვილი აქვს, გაათანაბროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას სურვილი აქვს, გაათანაბროს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა  დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან.

„ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმ მდგომარეობაში ჩააყენონ, რომ გარკვეული ბარიერი მოიხსნან მაშინ, როცა აგრესიულ მოქმედებას გადაწყვეტენ. გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რამდენად ადის პოლიტიკური ხელმძღვანელის დონეზე ის, რასაც ჰქვია გადაჭარბებული ძალის გამოყენება. ეს არის მნიშვნელოვანი და არა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ემოციის დონეზე. სახელმწიფოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. არავინ დაუშვებს და არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გახარიას ასეთი ან სურვილი ჰქონოდა, ან თვითონ განეხორციელებინა ოპერაცია, სადაც მოქალაქეები ზიანდებიან. ეს მოხდა და გვახსოვს, როცა მოქალაქეები არათუ დააზიანეს, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა იყო, სახელმწიფოს სისტემური დანაშაული იყო – მოქალაქეები ეწამებინათ, დაემცირებინათ, მოეკლათ.

ოპოზიციას სურვილი აქვს, გაათანაბროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან. თვითონ პასუხისმგებლობა საერთოდ არასოდეს აუღიათ. სინანულიც კი არავის გამოუთქვამს იმაზე, რომ ოთხი ადამიანი მოკლეს, ამდენი აწამეს, ხელჯოხების დერეფანში გაატარეს. სისხლით მორწყეს არა მხოლოდ რუსთაველის გამზირი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დერეფნები, სადაც ადამიანებს ფრჩხილები დააძრეს. ეს ადამიანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება იყო და ახლა ძალის გადაჭარბება მოხდა, ეს არ ახასიათებს არც გახარიას და არც სახელმწიფოს თავის დამოკიდებულებაში კონკრეტული ადამიანის მიმართ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, ეს განსხვავება მოშალონ და რაც შეიძლება მეტი მოთხოვნა იყოს, რათა მედიის ყურადღება იყოს გადატანილი ამ მოთხოვნებზე, სიღრმისეული ანალიზის მოთხოვნა კი არ არსებობს.

„ანზორ ჩუბინიძის მოვალეობაა, რომ პარლამენტის შიდა პერიმეტრი დაიცვას. თუ გამოდის და სიტუაციას აფასებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი საორგანიზაციო გადაწყვეტილებები მიიღოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. რას ჰქვია, ბრძანებას აძლევდა? გახარიამ თქვა, რომ მთავარი ბრძანება მინისტრის მიერ არის გაცემული, მაგრამ ბრძანების შესრულების პროცესში ძალის გადამეტება ვერ იქნება მოკერებული სხვა ადამიანზე. კონსპირაციული არაფერი ხდებოდა. მცდელობაა, რომ გადაფარვა მოხდეს იმ უბედურების, რასაც ჰქვია სახელმწიფო დაწესებულებაზე, რასაც მოჰყვებოდა წარმატებით თუ წარიმართებოდა, შეჭრა და არეულობა საქართველოს ყველა რაიონში.

ფაქტობრივად, დღესაც ამ მძიმე პროცესში ვიმყოფებით. ამას ეკონომიკური პრობლების უშველებელი პაკეტი დაემატა. თავიდან ეს იყო მიზანი და ახლა ეს მიზანი სხვა მეთოდების გამოყენებით ხორციელდება. ანზორ ჩუბინიძის თემის შემოტანა მცდელობაა იმ უბედურების გადატანის, იმ უზნეობის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ჩვენს თვალწინ დაატრიალეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.