გია ვოლსკი - ოპოზიციამ შესაბამისი პასუხი მიიღო პარტნიორებისგან, საზოგადოებისგან, რომელსაც არ სურს დესტაბილიზაცია, ამიტომ გადაწყვიტეს, ჩაატარონ ტრიუკი,  ვითომ ერთი სული აქვთ, როდის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან
გია ვოლსკი - ოპოზიციამ შესაბამისი პასუხი მიიღო პარტნიორებისგან, საზოგადოებისგან, რომელსაც არ სურს დესტაბილიზაცია, ამიტომ გადაწყვიტეს, ჩაატარონ ტრიუკი, ვითომ ერთი სული აქვთ, როდის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, „ოპოზიციამ, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს, შესაბამისი პასუხი მიიღო როგორც პარტნიორი ქვეყნებიდან, ისე საზოგადოებისგან, რომელსაც კატეგორიულად არ სურს საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება“.

ვოლსკის განმარტებით, სწორედ ამის გამო ახლა გადაწყვიტეს, ჩაატარონ რაღაც ტრიუკი, თითქოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის სურვილი აქვთ.

გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების დღევანდელ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კვლავ დესტრუქციულ ხაზს ავითარებს.

„გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ოპოზიცია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აზრი არ აქვს მოლაპარაკებების გაგრძელებას და განცხადებაც გააკეთა ამის თაობაზე, შესაბამისი პასუხიც მიიღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, შესაბამისი პასუხი მიიღეს საზოგადოებისგან, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რაღაც ტრიუკი ჩაატარონ, ვითომ ერთი სული აქვთ, როდის დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა მათი პოზიცია არ იცვლება.

ეს არის ჩამოუყალიბებელი განცხადება, რომელიც კვლავ ამ დესტრუქციულ ხაზს ავითარებს. ვეუბნებით, რომ შევქმნათ კომისია, იყავით ამ კომისიის მეთაურები და დავადასტუროთ, შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები, ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ხომ არ შეიძლება, მხოლოდ მათი ფანჩატურში განცხადებების საფუძველზე მივიღოთ რამე გადაწყვეტილება, ამის წინააღმდეგი არიან და აი ამ უხერხულობის გადასაფარად აკეთებენ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ განცხადებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან იმ პოზიციის, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავეს.

ამასთან, განცხადებაზე ხელმომწერი პარტიები მიმართავენ „ქართულ ოცნებას“, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას აქვს დასმული“.

ერთობლივ განცხადებაზე არ არის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების ხელმოწერები.