გია ვოლსკი - ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ვფიქრობ, არც ის იყო ამის წინააღმდეგი
გია ვოლსკი - ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ვფიქრობ, არც ის იყო ამის წინააღმდეგი

ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ის იყო წინააღმდეგი, ამ შეცდომაში შესულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, მთავარი ის არ არის, ერთი პარტია რას ეუბნება მეორეს, მთავარია ის, რომ საზოგადოებას სტაბილურობა და კონსენსუსი სჭირდება, რაზეც საუბარია ამ დასკვნაში.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეიქმნას და თავისი ფუნქციები განახორციელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას სერიოზული პრობლემები ემუქრება. ამასთან, ეუთო განმარტავს, რომ მისი კომპეტენცია არ არის რელევანტური იმ კითხვასთან, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დააწერინეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ოდირს საქართველოს სახალხო დამცველმა გაუგზავნა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.